ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველო ევროპას ეკუთვნის

„ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით - საქართველო ევროპას ეკუთვნის,“ - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. გიტანას ნაუსედა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ქვეყნის ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად ძალას და გამბედაობას უსურვებს.


„გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად. საქართველო ევროპას ეკუთვნის,“ - წერს გიტანას ნაუსედა.


თავის მხრივ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს, რომ „თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს.“


ევროკავშირმა არ უნდა შეაქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს,“ - აცხადებს ესტონელი დეპუტატი.


მიკელსონის შეფასებით, რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ და საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია.

„თუ ჩვენ გვინდა, დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას,“ - წერს მიკელსონი.


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, მოატყუა, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა.


„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა,“ - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე.



ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა.


პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.