შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად.
„აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. უწყების განმარტებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, 28 და 29 ნოემბერს, „ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.