საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით მის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ევროკავშირის ელჩი ჩაერთო.
„ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.
თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.
ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.
გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა, შესაბამისი ელჩების მხრიდან, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა.
პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.