„ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს,“ - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მაია სანდუს თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში,“ წერს სანდუ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა.
პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.