ვაქცინის გაკეთების მსურველებმა აცრამდე სპეციალური კითხვარი უნდა შეავსონ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე რამდენიმე საათი დარჩა. Astrazeneca-ს ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილით ელოდებიან. Сovid19-ის ვაქცინაციის დაწყებამდე უნდა გაიარონ თუ არა რაიმე სამედიცინო პროცედურა აცრის გაკეთების მსურველებმა, ამ და ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებით, Europetime-მა ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.

„საერთოდ, ვაქცინაცინაციასთან მიმართებით რაიმე წინასწარი გამოკვლევები არც ერთ ქვეყანაში არ კეთდება, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. ერთადერთი, რაც ვაქცინასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები და ა.შ. ამიტომ, აუცილებლობად მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ვაქცინას გაიკეთებს, ჯერ შეავსებს სპეციფიკურ კითხვარს, რომელსაც გააცნობენ: ალერგიის ანამნეზი ისტორიულად ხომ არ ჰქონდა რომელიმე წამალზე, მედიკამენტზე; ხომ არ გადაიტანა ეს დაავადება; რაიმე ქრონიკულ დაავადებას ხომ არ ატარებს, ან ახლა ხომ არ აქვს ამ დააავადების გამწვავება?

ბუნებრივია, ეს კითხვები გათვალისწინებულია და არსებობს საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი (ქალბატონი მაია გოთუა და მეორე ავტორი მე ვარ), აქაც არის ეს კითხვარი მოცემული.

ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ტრენინგი ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ჩაატარებენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამიტომ, ეს ყველაფერი, რაც ხდება სტანდარტულად, ადამიანის ჯანმრთელობის გამოკითხვა აუცილებლად მოხდება, მექანიკურად ვაქცინა არავის არ გაუკეთდება“.

_არიან თუ არა რაიმე რისკჯგუფები, რომლებისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის?

ცალსახად, ვაქცინის ჩატარება არ ხდება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში არიან მცირე ასაკის, ანუ 18 წლამდე ბავშვები, ასევე, რომლებიც არიან ორსულობის სტადიაში. მათთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ გამოიყენება. ასევე, ალერგიის კუთხით არსებობს ასეთი წინაღობა, ვაქცინაში არსებობს შემავალი კომპონენტები, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი, თუ მათ მიმართ ადამიანს ანამნეზში დადგენილი ალერგია აქვს ალერგოლოგის მიერ, რადგანაც ვაქცინები ამ ნივთიერებებს შეიცავენ ასეთი პერსონებისთვის და პიროვნებებისთვის ვაქცინები არ შეიძლება.

მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის ალერგია არ ჰქონია არასოდეს და ეს ვაქცინები ორდოზიანია და პირველ დოზაზე იქნება ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა ასეთ ადამიანებს პირველი დოზის ალერგიის შემთხვევაში აღარ გაუმეორდებათ. ჯერჯერობით, მხოლოდ ესენი არიან, ვისთვისაც არ შეიძლება - ასაკობრივი ჯგუფები, ორსულები და უკვე ცნობილი ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ვაქცინაში შედის.

_რა რეკომენდაციებია გათვალისწინებული ვაქცინირებული ადამიანებისათვის, არის თუ არა რაიმე წესები, რაც ვაქცინაციის შემდეგ უნდა დაიცვან?

არა, რაიმე წესები ვაქცინაციის შემდგომ არ არსებობს. ვაქცინაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ვაქცინაციის ადგილზე ტკივილი, შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე 2 ან 3 დღის განმავლობაში, ტემპერატურული რეაქცია საშუალოდ 10%-ს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათ ეძლევათ რეკომენდაციები როგორ მოიქცნენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გამოიყენონ. მეტი რეკომენდაცია არ არსებობს.

_როგორც ვიცით, რიგ ვაქცინირებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებულებისთვის გარკვეული პრივილეგიები არსებობს, მაგალითად აშშ-ში, დახურულ სივრცეში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ პირბადე არ ატარონ? როგორ ფიქრობთ, საქართველოში ვაქცინირებულ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ თუ არა კოვიდრეგულაციების დაცვის კუთხით შეღავათები და რამდენად რეკომენდებულია მსგავსი ზომები?

ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია.