საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო

საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. ფოტოები UNICEFის წარმომადგენელემა გაავრცელა. მანამდე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი საქართველოსთვის ვაქცინების გაგზავნის პროცესს დაესწრო.

UNICEF-მა დღეს განაცხადა, რომ ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას.

საქართველოში COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველ პარტია, 43 200 დოზით შემოვიდა. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება.

„გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა", - ნათქვამია განცხადებაში.

UNICEF-ის განცხადებით, ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს.

”დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ველოდებით COVID-19 ვაქცინების პირველ პარტიას. გაეროს ბავშვთა ფონდი,ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ერთად (GAVI) მოხარული არიან, დაეხმარონ საქართველოს მთავრობას COVID-19-ის ვაქცინის შეძენაში. წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის და სხვა დაუცველი ჯგუფების იმუნიზაცია საშუალებას მოგვცემს, თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურებების მიღება. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება”, - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსიმ.