საკონსტიტუციომ არსებით განსახილველად არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.


გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე დღეს, დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაოობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო. იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა.


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი გამოეხმაურა არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელების წარმოებაში არმიღებას და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ "კანონმდებლობის შესაბამისად" იხელმძღვანელა. ამასთან, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ "საქართველო ევროპაა" და თავად მოსამართლის ფიცის ერთგულია.


„ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.


როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს ნაციონალების მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ ოცნების მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც ნაციონალი ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება," - წერს ის სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა.