შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლების ჩხრეკის შემდეგ განაცხადა, რომ ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და რეგიონებში დაიწყო. კუპატაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ექვსი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები - ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.“
შსს-ს ცნობით, მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. კუპატაძის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.
„პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.
სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი.
ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, პრეიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიებზე მიუთითებს, მოუწოდებს „პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე.“
შეგახსენებთ, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ნაწილში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. გაჩხრიკეს Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინაც. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.