პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.“
„როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში,“ ამბობს კობახიძე.
მან ისაუბრა ევროკავშირზეც.
„ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ არჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, პრემიერის თქმით, მთავრობა მოლოდინის რეჟიმშია: „იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია.“
ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციიდან კლინიკებში გადაჰყავდათ არაერთი დაშავებული.
5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
-
სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ
-
სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს