„საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ იყო "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება."
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს მოთხოვნა შედეგის ბათილად ცნობის შესახებ, იმ სადაზვერვო დოკუმენტების გათვალისწინებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის გავლენის შესახებ ბრალდებები. კანონი ადგენს, რომ არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში, კენჭისყრა უნდა განახლდეს გაუქმების დღიდან მეორე კვირას, რაც ახალი არჩევნების თარიღად 22 დეკემბერს ნიშნავს. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას მთელი საარჩევნო პროცესის და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის განახლება მოსთხოვოს.
ცნობისთვის, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე მართავდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს.
24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით, ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.