ევროკავშირი „გარკვეული კატეგორიის პირებისთვის“ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს

„ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშის თანახმად, იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს.


ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.


ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს:

„უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.


გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა.


საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.


გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.


შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში.

მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას.


ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება. მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ - ნათქვამია ანგარიშში.


თავშესაფრის მოთხოვნა

2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.


ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

„2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა.


2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა,” - ნათქვამია ანგარიშში.


სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია

სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის.


„საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია. პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა.


საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის ნაკლები შესაბამისობა ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს არ წარმოადგენს.


თუმცა კომისია იხსენებს, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სამეზობლოში ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის,“ - ნათქვამია ანგარიშში.


ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა.


2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.


„ანგარიშის მომზადების პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის. 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ფუნდამენტური უფლებების დაცვის საერთო საკანონმდებლო ბაზას ძირს უთხრის.


ორივე ინიციატივა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს არღვევს, კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად იქნა მიღებული.


შემაშფოთებელი ცნობები მოთხოვნებისა და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების შერჩევითი და პირობითი კონტროლის რისკს ზრდის,“ აღნიშნულია ანგარიშში.


ევროკომისია აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე მიიღო. „საკანონმდებლო პაკეტი ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის და სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას ზრდის,“ - აცხადებს კომისია.