აქციაზე 7 დეკემბერს 48 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა.


მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს.


აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.


აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ.


აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“

სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი.


სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას.


შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.