აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს პარიზს ეწვია, რათა ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწროს. ეს არის ტრამპის პირველი მოგზაურობა უცხოეთში მას შემდეგ, რაც ის ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს. France 24 წერს, რომ ტრამპი ორლის აეროპორტში, პარიზის სამხრეთში, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
ის მაკრონთან მოლაპარაკებებს ელისეის სასახლეში გამართავს.
„უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მაკრონს ერთი საათის შემდეგ უნდა შეხვდეს, შესაძლოა, ასევე შეხვდეს ტრამპს, განაცხადა პარასკევს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,“ წერს France 24.
"ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ შაბათს მივემგზავრები საფრანგეთში, პარიზში, რათა დავესწრო პარიზის ღვთისმშობლის ბრწყინვალე ისტორიული ტაძრის გახსნას. ეს განსაკუთრებული დღე იქნება ყველასთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში 3 დეკემბერს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარი 29 ნოემბერს გაიხსნა მას შემდეგ, რაც მის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მთელი მსოფლიოდან. ისინი აღდგენილი ტაძრის პირველი საპატიო სტუმრები გახდნენ. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიაზე მიწვეულია დაახლოებით 50 ლიდერი იმ სახელმწიფოებიდან, რომელთა სპეციალისტებიც რესტავრაციაში მონაწილეობდნენ. გახსნის შემდეგ, ის ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 15 მილიონამდე მნახველს მიიღებს. ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულებებმა მთელი მსოფლიოდან - 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დიდი ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა . ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს ტაძრის სახურავზე. ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Notre Dame de Paris - საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ტაძარი და პარიზისა და მთლიანად საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. გოტიკური არქიტექტურის შედევრი XII საუკუნეში აშენდა.