აშშ-მ საქართველოს ოფიციალურ და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია.


„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.


„ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.


ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.