NATO-ს გენერალური მდივანი: პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებსა და მის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი.


„პუტინი ცდილობს უკრაინის რუკიდან წაშლას. ის ცდილობს, ძირეულად შეცვალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპას იცავდა. ის ცდილობს, ჩაახშოს ჩვენი თავისუფლება და ცხოვრების წესი. ვლადიმერ პუტინის აგრესიის მაგალითი ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა. კიდევ რამდენი გამოღვიძების ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი. ვიცი, რომ მე ვარ. რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება,“ - აღნიშნა რუტემ.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მტრული ქმედებები აღნიშნა, მათ შორის, კიბერშეტევები, მკვლელობები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება.“


„ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნა რუტემ.


ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, ბრიუსელში Carnegie Europe-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრებმა თავდაცვაზე დახარჯეს მშპ-ს 3%-ზე მეტი ცივი ომის დროს და სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ალიანსის ამჟამინდელი მიზანი - 2%.