რუტე მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: „ომის თავიდან ასაცილებლად NATO-მ მეტი უნდა გაიღოს“

თავის პირველ მთავარ გამოსვლაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზი გაუსვა თავდაცვის ხარჯებისა და თავდაცვის წარმოების გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობას. ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, ბრიუსელში Carnegie Europe-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრებმა თავდაცვაზე დახარჯეს მშპ-ს 3%-ზე მეტი ცივი ომის დროს და სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ალიანსის ამჟამინდელი მიზანი - 2%.


”რუსეთი ემზადება გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის უკრაინასთან და ჩვენთან,” - განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ რუსეთის მტრული ქმედებები მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ მხოლოდ იზრდება.


„ის, რაც ხდება უკრაინაში, შეიძლება მოხდეს აქ,“ - განმარტა NATO-ს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ დროა, გადავიდნენ „ომის დროინდელ აზროვნებაზე და დააჩქარონ თავდაცვის წარმოება და თავდაცვის ხარჯების ზრდა.“


რუტემ აღნიშნა, რომ 2025 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8%-ს მიაღწევს, რაც რეკორდია ცივი ომის შემდეგ.

„თუ ჩვენ ახლა უფრო მეტს არ დავხარჯავთ ომის თავიდან ასაცილებლად, მოგვიანებით გადავიხდით ბევრად, ბევრად, ბევრად უფრო მაღალ ფასს მის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ აღნიშნა მარკ რუტემ.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 32-წევრიან ალიანსს უშუალო საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის შედეგის მიუხედავად, NATO არ იქნება უსაფრთხო, თუ ის მზად არ იქნება საფრთხის დასაძლევად.


შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს ახალი კონკრეტული მიზნების დასახვას იმის თაობაზე, თუ რამდენი იარაღის სისტემა უნდა აწარმოონ წევრმა ქვეყნებმა უკვე 2025 წელს. ცნობილია, რომ პოლონეთი ევროკავშირში ერთობლივი თავდაცვის დაფინანსებას ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტად აქცევს.