ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი მიიღო. მანამდე, 17 ივლისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მე-18 პაკეტს ვეტოს აღარ დაადებდნენ. ევროკავშირის ინფორმაციით, დღევანდელი პაკეტით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას სხვადასხვა ზომების მეშვეობით ახდენს. კერძოდ, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვარს 60 აშშ დოლარიდან 47.6 აშშ დოლარამდე ამცირებს.
სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას დ რუსული კომპანია „როსნეფტის“ ქარხანას ინდოეთში.
გადაწყვეტილების შესაახებ დღეს, 18 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გამოაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სანქციები შეეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს, დაფინანსებისადმი რუსული ბანკების წვდომის მეტად შეზღუდვას, გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადების“ გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს,“ - დაწერა თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე
- რას მოიცავს სანქციები - დეტალურად
სასანქციო სია მოიცავს 14 ფიზიკურ და 41 იურიდიულ პირს.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. საბჭო შეთანხმდა სიაზე, რომელიც შედგება 55 პირისგან - 14 ფიზიკური და 41 იურიდიული პირისგან - რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი ან ძირის გამომთხრელი ქმედებებისთვის“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
ევროკავშირი ასევე დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს. კერძოდ, კიდევ 105 გემს პორტში შესვლა და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ფართო სპექტრის მომსახურების მიწოდება ეკრძალება, რაც სიაში შემავალი გემების საერთო რაოდენობას 444-მდე ზრდის.
„ეს ზომა მიმართულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ტანკერების მიმართ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გვერდს უვლიან ნავთობის ფასების ზედა ზღვარს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ან გადააქვთ სამხედრო აღჭურვილობა რუსეთისთვის ან მოპარული უკრაინული მარცვლეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული და ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან შეტანილი რაფინირებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე - კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის გარდა რითაც ხელს უშლის რუსული ნედლი ნავთობის ევროკავშირის ბაზარზე „უკანა კარიდან“ მოხვედრას.
„ევროკავშირი ასევე აწესებს სრულ ტრანზაქციულ აკრძალვას „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, მათ შორის საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე, რითაც ხელს უშლის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენების დასრულებას, მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას და მომავალში მათ გამოყენებას. საბჭომ გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთიდან ჩეხეთში ნავთობის იმპორტის გამონაკლისი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირი ბლოკის ტერიტორიაზე დაფუძნებული სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინებების მომსახურების მიწოდების არსებულ აკრძალვას გარკვეული რუსული ბანკებისთვის სრულ ტრანზაქციულ აკრძალვამდე ამკაცრებს. აკრძალვა კიდევ 22 რუსულ ბანკს შეეხება, იმ 23 ბანკის გარდა, რომლებისთვისაც ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს.
აკრძალვა წესდება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან (RDIF) და მის ქვე-ფონდებთან და კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებაზე და საბჭომ შეიმუშავა ინსტრუმენტი, რათა გაავრცელოს ასეთი აკრძალვა გარკვეულ კომპანიებზე, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია განახორციელა და იმ სუბიექტებზე, რომლებიც თავად RDIF-ს აწვდიან საინვესტიციო მომსახურებას ან სხვა ფინანსურ მომსახურებას.
გარდა ამისა, ევროკავშირი შეთანხმდა 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტზე შემდგომი აკრძალვების დაწესებაზე. იმ პროდუქტების სიაში, რომელსაც რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში წვლილი შეაქვს შევა რუსეთის სამხედრო სისტემების შემუშავებისა და წარმოების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კომპიუტერული რიცხვითი კონტროლის (CNC) მანქანები და საწვავის შემადგენელი ქიმიკატები. გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიის გავლით არსებული ტრანზიტის აკრძალვა გაფართოვდა და მოიცავს მშენებლობისა და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ეკონომიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს.
საბჭო სანქციებს უწესებს კიდევ ერთ პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული რუსეთის მხრიდან უკრაინელი ბავშვების „სამხედრო განათლებაში“. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამით უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და ინდოქტრინაციასთან დაკავშირებული სიების საერთო რაოდენობა 90-ს გადააჭარბებს.