ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის არიან იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ესტონეთს სავიზო შეზღუდვა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების 102 წარმომადგენლისთვის აქვს დაწესებული.


კერძოდ, დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ალუდა ღუდუშაური (პარლამენტის წევრი), ილია ინჯია (პარლამენტის წევრი), ირაკლი ქადაგიშვილი (პარლამენტის წევრი), ანი ხუბეჯაშვილი (პროკურორი), მარიამ ლაშხი (პარლამენტის წევრი), გურამ მაჭარაშვილი (პარლამენტის წევრი), მარი მეშველიანი (პროკურორი), ვიქტორ მეტრეველი (მოსამართლე), ჯვებე ნაჭყებია (მოსამართლე), ნინო სახელაშვილი (მოსამართლე), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), თენგიზ შარმანაშვილი (პარლამენტის წევრი), ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე), სოზარ სუბარი (პარლამენტის წევრი), ალექსანდრე ტაბატაძე (პარლამენტის წევრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე) და ნათია თათიაშვილი (პროკურორი).


„ეს პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, და დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული დასჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ ღირებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს ევორკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.


დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk)


ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS)


ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.“ თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა დაწერა X-ზე, რომ „უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად,“ - წერს შერაზ გასრი.