თურქეთში აშშ-ის ელჩი, ტომ ბარაკი აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბარაკის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.
„მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან,“ - აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი.
ცნობისთვის, სირიის ომის მონიტორის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ.
სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით, ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სუვეიდადან გამოსვლა დაიწყეს. პარასკევს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სტაბილურობის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება სამხრეთში ჯარებს განალაგებს.