უზბეკეთმა და შვეიცარიამ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში, ორმხრივი მოლაპარაკებები დაასრულეს.
ჟენევაში მნიშვნელოვან პროტოკოლს მოეწერა ხელი. რამდენიმე ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ტაშკენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას უახლოვდება.
უზბეკეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აზიზბეკ ურუნოვმა LinkedIn-ზე დაწერა, რომ უზბეკეთმა და შვეიცარიამ დაასრულეს ორმხრივი მოლაპარაკებები ბაზარზე წვდომის საკითხზე, რაც ქვეყნის WTO-ში გაწევრიანების პროცესის ნაწილია.
მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესაბამისი ოქმი ორშაბათს, 21 ივლისს ჟენევაში გაფორმდა.
„კიდევ ერთი WTO წევრი ქვეყანა დაემატა იმ სიას, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — სულ რამდენიმე დარჩა! მადლობას ვუხდი როგორც უზბეკურ, ისე შვეიცარიულ გუნდებს — მათ ნაყოფიერი და კონსტრუქციული სამუშაო გასწიეს,“ — დაწერა ურუნოვმა.