23 ივლისს, სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.
უკრაინულ მხარეს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი წარმოადგენდა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ ამ შეხვედრაზეც წამოწია ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და პრეზიდენტების შეხვედრის საკითხები. უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა. უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე. მას არ დაუკონკრეტებია რუსული მხარის რეაქცია ამ შემოთავაზებაზე.
უმეროვი აცხადებს, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა შექმნიდა საფუძველს ეფექტიანი დიპლომატიისთვის.
- „მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის ახლავე და არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. და მეორე მხარის გადასაწყვეტია დათანხმდება თუ არა ამ საბაზისო ნაბიჯს მშვიდობისკენ.”
- “ხაზი გავუსვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ნამდვილი. ის უნდა მოიცავდეს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სრულად შეჩერებას.”
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტყვეების გაცვლა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების (მათ შორის, ბავშვების) გათავისუფლება. უმეროვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები. მანვე აღნიშნა, რომ რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტია იმყოფებიან, მათ შორის მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა პირების. უმეროვის თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1,200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მოგვიანებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბავშვების სიაში არიან პირები, რომლებიც არასდროს ყოფილან რუსეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე - ზრდასრულები:
“ბავშვები ბრუნდებიან. ეს ძალიან დელიკატური საკითხია. აღმოჩნდა, რომ იმ სიაში ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ბავშვი არასდროს ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, სადღაც ევროპაში არიან, არ ვიცი. ამ სიაში 50 გვარი ბავშვის არ აღმოჩნდა, არამედ საკმაოდ ზრდასრულები. ამიტომ ეს სია სულ ვიწროვდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ თითოეულ სახელზე.“
შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დელეგაციის წევრმა ოლექსანდრ ბევზმა დააზუსტა, რომ შეხვედრისთვის შეთავაზებული პერიოდი ესადაგება აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებულ ვადას.
„ჩვენ ამჯერადაც გამოვედით ლიდერების შეხვედრის შეთავაზებით, ვინაიდან გვესმის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ასეთ დონეზე შეიძლება, გადაწყდეს. უკრაინის დელეგაციის შეთავაზებაა ასეთი შეხვედრა გაიმართოს აგვისტოში. რატომ აგვისტოში? - იმიტომ, რომ ნებისმიერი დღე ესადაგება ჩვენი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების ხედვასა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დათქმულ ვადას გადაწყვეტის მისაღწევად.
მოველით, რომ რუსეთის მხარე ამჯერად სერიოზულად განიხილავს ლიდერების შეხვედრას, ვინაიდან ეს თანხვედრაშია პრეზიდენტს ტრამპისა და ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებულ ვადასთან.“
ბრიფინგზე მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის უკრაინის მხარის მიერ შეთავაზებული თარიღის დაზუსტებაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:
„ეს არის მოქმედი და ღია წინადადება, რომელიც შესაძლოა, შესრულდეს ნებისმიერ დროს. თუ პუტინი გამოვა ხვალ და იტყვის, მზად ვარ პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდეო, პრეზიდენტი ზელენსკი მზად იქნება მას ხვალვე შეხვდეს.
რუსეთში გადაწყვეტილებებს იღებს ერთი პირი და თუ გვინდა გადაწყვეტილების მიღება ცეცხლის შეწყვეტაზე ან მსგავს საკითხზე, საჭიროა ეს პირი იყოს ოთახში. ...პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, დაჯდეს და დაელაპარაკოს პუტინს.“
ტიხიმ აღწერა მოლაპარაკებათა მესამე რაუნდზე არსებული ატმოსფეროც:
„დელეგაციის წევრებს ვკითხე ატმოსფეროზე და მითხრეს, რომ უწინდელი შეხვედრებისგან ცოტათი განსხვავებული იყო: ნაკლები ემოცია და ლირიკული მხარე ჰქონდა. უფრო მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი იყო.“
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ ლიდერების შეხვედრას სათანადო მომზადება სჭირდება და რომ ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ მომზადებულ შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი:
„ამ შეხვედრაზე შეთანხმება კი არ უნდა განიხილონ, არამედ წერტილი უნდა დაისვას, ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას. როგორც ჩვენთან იტყვიან, საქმის ბოლო გვირგვინის დადგმაა.
შეხვედრას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნულიდან, თავიდან იყოს განხილული, აზრი არ აქვს. ...ასე რომ, შეხვედრა სათანადოდ უნდა მომზადდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მას აზრი. ეს პოზიცია გავაცანით უკრაინულ მხარეს.“
მედინსკიმ უპასუხა შეკითხვას - ეშინია თუ არა რუსეთს ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციათა ახალი პაკეტისა და აშშ-ისგან მოსლოდნელი სანქციების? თავიდან მედინსკიმ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა მოლაპარაკებებზე ჩასულ დელეგაციას არ ეხება:
„ისე გეტყვით: რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო ომის შემდეგ, სანქციები კი არა, საბჭოთა რუსეთს აბსოლუტური დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადა გვქონდა ყველას მხრიდან! ყველასი! და რა, ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომში გაგვემარჯვა."
უკრაინული მედია წერს, რომ რუსული მედია ავრცელებს ჭორებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვსა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმერ მედინსკის შორის სტამბოლში ორმხრივი შეხვედრის შესახებ და ეს ინფორმაცია ყალბია.