უზბეკეთმა საქართველო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტში ჩართვისთვის მიიწვია. ხსენებული პროექტი შუა დერეფნის ახალ ნაწილს წარმოადგენს.
The Caspian Post-ი ყირგიზულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთმა ოფიციალურად შესთავაზა საქართველოს, რომ განიხილოს მონაწილეობა ამბიციურ პროექტში, რომელიც ტრანსევრაზიული სატრანსპორტო ქსელის მთავარი კომპონენტი უნდა გახდეს. ამ წინადადების შესახებ, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახამოვსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს შორის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
მახამოვმა ხაზი გაუსვა პროექტის პოტენციურ ინტეგრაციას ძირითად საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით, შუა დერეფანში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს.
„საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონულ კავშირებში მისი მზარდი როლის გათვალისწინებით, უზბეკმა მინისტრმა თბილისს შესთვაზა, შეისწავლოს პროექტში გაწევრიანების ვარიანტები.
საქართველოს ინტეგრაცია გააძლიერებს როგორც დერეფნის შესაძლებლობებს, ასევე ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო დივერსიფიცირებულ და მდგრად გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვს. ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობას, შეამცირებს მიწოდების დროს და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ევრაზიის მასშტაბით მონაწილე ქვეყნებისთვის,“ წერს The Caspian Post-ი.
ამავე თემაზე:
ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ