ირანის მთავრობამ გაიწვია საკამათო კანონპროექტი, რომლითაც, თავდაპირველი ვერსიით, ყალბ ამბებთან გამკლავებას აპირებდა.
კანონპროექტის ინიციირებას კრიტიკა მოჰყვა იმ არგუმენტით, რომ მსგავსი კანონი სრულიად გააქრობდა ისედაც შეზღუდულ გამოხატვის თავისუფლებას ირანში.
მთავრობის სპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ 30 ივლისს X-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ რეფორმისტი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაეწვია კანონპროექტი, “ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად.“
მთავრობისა და სასამართლოს მიერ შედგენილი 22-მუხლიანი კანონპროექტი გასულ კვირაში წარედგინა პარლამენტს, სადაც მის დაჩქარებული წესით განხილვას 290-წევრიან მეჯლისში მხარი დაუჭირა 205-მა კანონმდებელმა, 49 წინააღმდეგი იყო, სამმა თავი შეიკავა.
კანონპროექტს კრიტიკოსებმა “მოგუდვის კანონპროექტი” უწოდეს. ხსენებულმა ინიციატივამ ინტენსიური დებატები გამოიწვია როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო ჯგუფებს შორის.
კანონპროექტის მხარდამჭერები, მათ შორის ბევრნი მთავრობაში და ულტრაკონსერვატორები, ირწმუნებიან, რომ მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, განსაკუთრებით ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების კონტექსტში. მათი მტკიცებით, წარმოდგენილი ზომები აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური სტაბილურობისთვის.
კანონპროექტი კანონად რომ ქცეულიყო, ისინი, ვინც “ყალბ ამბებს” ავრცელებს, დაექვემდებარებოდნენ პატიმრობას 15 წლამდე ვადით, რაც, იურისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მკაცრი სასჯელია, ვიდრე ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, როგორებიცაა ჯაშუშობა და გატაცება.
ირანი მედიის თავისუფლების გლობალურ ინდექსებში მუდამ სიის ბოლოში ხვდება ხოლმე. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF) ირანს უწოდებს “მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანას მედიის თავისუფლების მხრივ”. RSF-ის თანახმად, ირანში პატიმრობაში იმყოფება 21 ჟურნალისტი.