ნიდერლანდები NATO-ს პირველი წევრია, რომელიც კიევს აშშ-ში წარმოებული იარაღით მოამარაგებს

ნიდერლანდები NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების აშშ-ში წარმოებულ იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.


„როგორც NATO-ს პირველი მოკავშირე, ნიდერლანდები აშშ-ის შეიარაღების სისტემებს, 500 მილიონი ევროს პაკეტს (მათ შორის, Patriot-ის ნაწილებსა და რაკეტებს) მიაწვდის,“ - დაწერა მან თავის X გვერდზე.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს იარაღი ახალი მექანიზმის, უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ფარგლებში მიეწოდება, რომელიც 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წარადგინეს. 


NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღს შეერთებული შტატების არსენალებიდან შეიძენენ. ნიდერლანდების პირველი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას და სხვა კრიტიკულ აღჭურვილობას. PURL პროგრამის ფარგლებში უკრაინას იარაღი ყოველ ორ ან სამ კვირაში ერთხელ მიეწოდება.


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდიდა, რასაც ევროპელი მოკავშირეები დააფინანსებდნენ, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.