სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლებს და შეხვედრაზე მხარეები შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის“ და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სატრანზიტო საკითხის მოგვარებას ისახავს შექმნას.
აზერბაიჯანმა მოითხოვა სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა სომხეთის გავლით, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახიჩევანთან, აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს და რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.
დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს, სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება.
„ეს ნაბიჯი, თავისი კომერციული საშუალებებით, რეგიონს გახსნის და მომავალი სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს,“ - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ოფიციალური პირების თქმით, მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მარშრუტის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ოფიციალური პირების თქმით, სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლებიც მოითხოვენ მინსკის ჯგუფის დაშლას, რომელსაც 1992 წელს კონფლიქტის შუამავლობის მიზნით საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები თანათავმჯდომარეობენ.