ისტორიული სამიტის დღეს, ტრამპმა ალიევი თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურად მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა ორმხრივი დისკუსიებით გაგრძელდა


შეხვედრების დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადებები ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებისთვის გაკეთდება. 


მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტი დაიწყება, რომელსაც ტრამპი მასპინძლობს. როგორც მედია წინასწარ წერდა, სამიტის ფარგლებში მხარეები ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ასევე მედიის ცნობით, სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის სამხრეთში დაგეგმილი "ტრამპის მარშრუტის" ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ფარგლებში აშშ-სთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებასაც მოიცავს. დერეფანს „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი,“ აკრონიმით TRIPP დაერქმევა.


გამოცემა Axios-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის გაცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.

 
ასევე Axios-თან საუბრისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ.