ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ENKA ვალდებულია ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში პროექტში ცვლილებები შეიტანოს. ამის შესახებ მან გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა.
კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმებით, "ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება.
თურნავას განცხადებით, თუკი კვლევების შედეგად გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ ინვესტორმა პროექტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, ENKA Renewables-ს ამის ვალდებულება ექნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღწეული შეთანხმების შედეგად,ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
"გადავადებინეთ ინვესტორს ყველაზე უფრო კრიტიკული ნაწილი, რაც წარმოადგენს 105-მეტრიანი კაშხალი და 530 ჰექტარის ფართობის წყალსაცავის შექმნა, რაც არის ტექნიკურად ყველაზე რთული ნაგებობა. გადავადებინეთ და ვთქვით - კლიმატის, სეისმიკის, მეწყერების და კაშხლის მდგრადობის მიმართულებით ჩავატაროთ კიდევ ერთი კვლევა. ამ ნაწილში ჩვენ ვიქირავებთ ყველა მხარის მიერ ნდობით აღჭურვილ ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და NGO-ებს, რათა გადაამოწმონ.
კითხვა იყო თუ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ პროექტში რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს ამაზე რას იზამს ინვესტორი? თუ ამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც პროექტი შედგა არ არის ბოლომდე სრულყოფილი, რაღაც ნიუანსებს ბოლომდე არ ითვალისწინებს ეს არის ინვესტორის რისკი. ინვესტორს შეიძლება ამით გაუძვირდეს პროექტი, მაგრამ ეს არის მისი რისკი და ვალდებულები არიან ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში რაღაცეები შეცვალონ,"- გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, კომპანიაში ქართველი დირექტორის დანიშვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება იმისთვის, რათა პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებასა და ინვესტორს შორის კომუნიკაციის ხარისხი გაუმჯობესდეს.
"რატომ მაინც და მაინც ქართველი დირექტორი? - იმიტომ რომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა და დღემდე გვაქვს ეს პრობლემა. თუმცა, ხედავთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის გამოსწორებას და ის გადაწყვეტილებებიც რაც მივიღეთ არის კომუნიკაციების შედეგი. ქართველი დირექტორის საკითხიც არის იმ წუხილის ერთ-ერთი ნაწილი, ეს თავად კომპანიამ შემოგვთავაზა, რადგან თქვეს, რომ “რაღაცას ეტყობა ისე არ ვაკეთებდით”, რაც ეხებოდა კომუნიკაციის ნაკლებობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ.