რუბიოს თქმით, უკრაინას ტერიტორიების დათმობას არავინ აიძულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არავინ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები. 

„უკრაინელები არ არიან მზად, ამის [ტერიტორიების] დასათმობად და არც არავინ აიძულებს მათ, რომ დათმონ ეს, ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ასეთი სახის არ იქნება. მაგრამ პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს და მართლაც ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები არ ემხრობიან, რის დათმობასაც ჩვენ მათ არ ვაიძულებთ და უკრაინელებიც ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსეთი არ დათმობს.

მან დღეს კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთიც და უკრაინაც „დათმობებზე უნდა წავიდნენ“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის.


რუბიომ NBC news-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა პოტენციურ ახალ სანქციებზე. 

„არ მგონია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში „პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა „დიდი უთანხმოება კვლავ არსებობს.“