„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი დღე და დღეს გამოჩნდება, მოახერხებს თუ არა ქართული პოლიტიკური კლასი, ქვეყანა გამოიყვანოს ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“. დავით ბაქრაძის თქმით, ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან.
რაც შეეხება პლებისციტს, მისი თქმით, არიან ოპოზიციური პარტიები, ვისთვისაც პლებისციტის იდეა მიუღებელია, მათ რიცხვს კი თავად არ მიეკუთვნება.
„მიმაჩნია, რომ როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების რესურსი არ არსებობს და როცა სამომავლო გზაზე ვერ თანხმდებიან, სრულიად ბუნებრივია, მივმართოთ ხალხს და გავიგოთ მათი აზრი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ვიჩქართებთ.
ჯერჯერობით არც პლებისციტის საკითხი არ დგას მოლაპარაკებებში, ამიტომ შევხედოთ, დაველოდოთ. დღეს არის გადამწყვეტი დღე, ამიტომ, წინასწარ ვერანაირ კომპრომისს ვერ გეტყვით, რა იქნება და როგორ იქნება, მათ შორის ძალიან მნშვნელოვანია, რა წინადადებებით მოვლენ ჩვენი მეგობრები თავისი მხრიდან, რადგან მედიაცია და შუამავლობა გულისხმობს სწორედ იმას, რომ მათი მხირდანაც იქნება წინადადებები, რომლებსაც ისინი ხედავენ როგორც მხარეებს შორის კომპრომისს, ამიტომ დაველოდოთ მათ წინადადებებსაც, დაველოდოთ იმასაც, რაზე ისაუბრა დღეს „ქართულმა ოცნებამ“.
მინდა, რომ დაგიდასტუროთ 2 რამ: პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის ის განწყობა და ის მზადყოფნა, რომ მოლაპარაკებების დროს გადაწყდეს კრიზისი და ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალურ ვითარებაში და მე-2, დიდი იმედი მაქვს, რომ ის რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან წითელი ხაზების მოხსნაზე, არ არის საზოგადოების მოტყუება და ის სიტყვები აისახება კონკრეტულ მოქმედებებში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, „რესპუბლიკელების“ წევრმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხარეები ისევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არის იმის მოლოდინი, რომ ასეთი შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება, დღეს კი, წინ გადაიდგა ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულ წინადადებებზე ისაუბრეს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
ამავე თემაზე: კრისტიან დანიელსონის მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან გაგრძელდება, მანამდე კი, ევროპელი დიპლომატი ისევ ოპოზიციას ხვდება.