რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ამ სასტიკ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს აცხადებს და ტერორს ირჩევს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს,“ - წერს მარტა კოსი.
განახლება: კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს.“
„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კიევში ჩვენი წარმომადგენლობა. ჩვენი წარმომადგენლობის თანამშრომლები კარგად არიან. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩევლად თავდასხმები ახლავე უნდა შეწყვიტოს და სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს,“ - წერს თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.