თურქეთში, იალოვას ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, სეფინეს გემთსაშენ ქარხანაში გამართულ ცერემონიაზე ანკარამ თავისი მერვე ეროვნული წარმოების გემი, მრავალფუნქციური ფრეგატი TCG Icel (F-518) წარადგინა.
TCG Icel-ს სათვალთვალო, სადაზვერვო პატრულირება, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო მოქმედებები, საჰაერო თავდაცვა, თავდაცვისა და საძიებო-სამაშველო მისიები ყველა ამინდის პირობებში შეუძლია.
ფრეგატს ზღვაში დარჩენა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში შეუძლია, ხოლო გემბანზე 10-ტონიანი ვერტმფრენების ან უპილოტო საფრენი აპარატების განთავსება იქნება შესაძლებელი.
TCG Icel-ს აქვს ადგილობრივი წარმოების იარაღის სისტემები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა. თურქული ფირმა MKE-ს მიერ წარმოებული 76 მილიმეტრიანი ქვემეხი, Gokdeniz-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Midlas-ის ვერტიკალური გამშვები სისტემა და Atmaca-ს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს შორისაა.
იარაღთან ასევე ინტეგრირებული იქნება 3D საჰაერო და ზედაპირული საძიებო რადარი, ცეცხლის მართვის რადარი, ელექტროოპტიკური საძიებო და თვალთვალის სისტემა, ელექტრონული ომის სისტემა და ქსელური საბრძოლო მართვის სისტემა ADVENT.