ჩინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელ უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება 15 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის, ჩვეულებრივი საერთაშორისო პასპორტის მფლობელი პირებისთვის 30-დღიან საცდელ უვიზო რეჟიმს შემოიღებს.


„ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, გააფართოოს იმ ქვეყნების წრე, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ უვიზო შემოსვლის უფლება. 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.


ამჟამად ჩინეთში უვიზოდ ჩასვლა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. გარდა ამისა, პეკინსა და მოსკოვს შორის გაფორმებულია შეთანხმება ჯგუფური ტურისტული მოგზაურობის მონაწილეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.


ცნობისთვის, 31 აგვისტოს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. 2 სექტემბერს პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.