რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, გერმანია ბალტიისპირეთში სამხედრო წვრთნებს ხელმძღვანელობს

გერმანია ატარებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ფოკუსირებულია ლიეტუვაში ჯარებისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე. გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა ხუთშაბათს როსტოკის პორტში ბალტიის ქვეყნების ელჩებთან და სხვა ქვეყნების ოფიცრებთან ერთად დაესწრო ნავსადგურიდან სამხედრო მანქანებით დატვირთული ბორნის გასვლას, რომელიც ლიეტუვაში, კლაიპედაში მიემართებოდა პოლიციის, კორვეტის, ნაღმმტყორცნისა და ვერტმფრენის თანხლებით.


Quadriga-ს სახელით ცნობილ წვრთნებს გერმანიის საზღვაო ფლოტი ხელმძღვანელობს და მის სხვადასხვა კომპონენტში არმია და საჰაერო ძალებიც ერთვებიან. მასში 14 ქვეყნიდან 8000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათ შორის არის NATO-ს ყველა მოკავშირე ქვეყანა, რომლებსაც ბალტიის ზღვაზე აქვთ გასასვლელი, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა. გერმანიის სამხედრო ძალების ცნობით, წვრთნებში 40 გემი, 20 თვითმფრინავი და 1800-ზე მეტი საგზაო სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობს.


„კვადრიგა“ რამდენიმე კვირას გრძელდება და მოსალოდნელია, რომ მისი ნაწილი დროში, თუმცა არა გეოგრაფიულად, დაემთხვევა რუსეთისა და ბელარუსის მიერ თვის ბოლოს დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამ წვრთნებში, სავარაუდოდ, 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.


გერმანია საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას ცდილობს. მაისში, ლიეტუვაში, რომელიც რუსეთის კალინინგრადის ანკლავს და მოსკოვის მოკავშირე ბელორუსს ესაზღვრება, ბერლინმა ბრიგადა განალაგა, რადგან რუსული აგრესიის შესახებ შეშფოთება კვლავ გრძელდება.