უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებმა დონეცკის ოლქში, პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.
„რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „მსგავსი დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.“
„რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.