უახლოეს მომავალში, შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეთ ენჯელმა აზერბაიჯანში, ამერიკული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მთავარი მიზანია დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით, ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირება.
„არსებობს კითხვა, განსხვავდება თუ არა ახალი მარშრუტი ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით და შემდეგ თურქეთის გავლით გამავალი მარშრუტისგან. თუმცა ორივე მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის საკმარისი რაოდენობის ტვირთია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ საქონლის გადაადგილებისთვის დამატებით მარშრუტს ხსნის,“ განაცხადა ენჯელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებიან აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართული დისკუსიების ისტორიულ მნიშვნელობას და ამ მოლაპარაკებების დროს ხელმოწერილ დოკუმენტებს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შეთანხმებები არამხოლოდ ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და პროგრესს, არამედ, მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს.
მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია შუა დერეფნის განვითარებისკენ, რაც გამოიხატა შემდეგ პროექტებში – ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იქ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ, 14-მდე გაიზარდა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ აქტიურ სამუშაოს, რომელსაც აზერბაიჯანი ატარებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული კაბელის გაყვანა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ბახიშოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სავაჭრო მისიის მიზანი შუა დერეფნის გამოუყენებელი პოტენციალის შეფასებაა.