ისრაელი აცხადებს, რომ კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობას დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახურთან, „შინ ბეთთან“ ერთად და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა.


„ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც დარტყმა განხორციელდა, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელი,“ - ნათქვამია განცხადებაში.


BBC-ის ცნობით, ჰამასის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეები იყვნენ ჰამასის მომლაპარაკებელი გუნდის წევრები. ისრაელის პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ 9 სექტემბერს შუადღისას მათ მიიღეს ჰამასის ლიდერებზე თავდასხმის გადაწყვეტილება.


„დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


Sky News-ი წერს, რომ დოჰაში ისრაელის სამიზნეში „ჰამასის“ ხუთი წარმომადგენელი: ხალილ ალ ჰაია, ხალედ მაშალი, მუჰამედ დარვიში, რაზი ჰამადი და იზატ ალ-რიშკი მოექცა.


კატარი, რომელიც შუამავლობას სწევს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის “უხეშ დარღვევად” აფასებს ისრაელის თავდასხმას. თეთრ სახლში BBC-ს განუცხადეს, რომ აშშ-ს წინასწარ “ეცნობა” დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. „ჰამასის“ მოლაპარაკების ჯგუფი დოჰაშია დაფუძნებული. ისინი ივლისიდან ისრაელთან არანაირ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.