პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ვარშავამ NATO-ელ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებითა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებით დახმარება სთხოვა.


ნიდერლანდის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ წლის ბოლოსთვის პოლონეთს საჰაერო თავდაცვის ორ სისტემა Patriot-ს და დრონებთან ბრძოლის სისტემებს გადასცემს. ჩეხეთი პოლონეთს დაჰპირდა სამ ვერტმფრენს, რომლებიც დაეხმარებიან დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონებისგან დაცვაში.


სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლონეთმა 10 სექტემბერს, თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართა. თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მოკავშირეები მხარდაჭერისთვის მზად არიან.


Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პოლონეთში Typhoon-ის ტიპის რამდენიმე გამანადგურებლის დაბრუნებას განიხილავს. ექვსი ასეთი გამანადგურებელი დაახლოებით ორი თვის წინ, პოლონეთის საჰაერო სივრცის NATO-ს პატრულირების მისიაში მონაწილეობდა.


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, განსაკუთრებით სჭირდებათ სისტემები Patriot-ი, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცეს რუსეთიდან მხოლოდ დრონების საფრთხე არ ემუქრება.


პოლონეთის მთავრობამ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას დრონებმა დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.


პოლონეთის მიმართვის საფუძველზე ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.


უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო, პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.


ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.


შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთიდან წამოსულმა მრავალმა დრონმა დაარღვია, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და ალიანსის ტერიტორიის დაცვა წარმატებით უზრუნველყო, რაც მათი დანიშნულებაა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ საშიშ ომს აწარმოებს და მუდმივად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.


კითხვაზე, აქვს თუ არა ალიანსს აღნიშნული ინციდენტის წინასწარი შეფასება : იყო ეს განზრახ თავდასხმა, განზრახ შეჭრა თუ შეცდომა, რუტემ უპასუხა:

„სრული შეფასება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განზრახ იყო ეს თუ არა, უგუნური საქციელია. ეს აბსოლუტურად საშიშია. მაგრამ, როგორც ვთქვი, სრული შეფასება მიმდინარეობს.“


ამასთან, კითხვაზე, გაქვთ რაიმე კონკრეტული გზავნილი რუსეთისთვის პრეზიდენტ პუტინისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მარკ რუტემ უპასუხა:

„პუტინისთვის ჩემი გზავნილი ნათელია: შეწყვიტეთ ომი უკრაინაში. შეწყვიტეთ ომის ესკალაცია. შეწყვიტეთ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს.“


აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. თავის მხრივ, ამის შესახებ განცხადებას NATO-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და  NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ,” - წერს უიტეკერი.

ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს.


“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში.

NATO, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” - განაცხადა ო’დონელმა.


პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს.

ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და NATO-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.


„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მომხდარს მოკლე პოსტით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.

“რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” - წერს ტრამპი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს.“

„რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.