თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს

თურქეთმა აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან ორმხრივი მექანიზმები შექმნა, რათა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, დამატებითი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეისწავლოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა თურჰან დილმაჩმა განაცხადა.


CICA-ს ანალიტიკური ცენტრების ფორუმის მე-13 სესიაზე, „ევრაზიული კავშირის გაძლიერების“ პანელზე გამოსვლისას, დილმაჩმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირის კონცეფციას კონკრეტული ნაბიჯები უნდა ახლდეს თან.


„სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნების შექმნით, ჩვენ ფაქტობრივად ვქმნით ნდობის დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, საზოგადოებებსა და ხალხს,“ - აღნიშნა თურქეთის წარმომადგენელმა.


მანვე აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში, თურქეთი შუა დერეფანთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

„ჩვენი მიზანია ამ მარშრუტის გასწვრივ ეკონომიკური ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს სავაჭრო გზების გაფართოების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,“ - აღნიშნა დილმაჩმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.