აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას. დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.
კითხვას, დაუწესებს თუ არა NATO რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ,“
„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება, ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ.
განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ. კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, NATO-ს ქვეყნებიდან რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები არიან თურქეთი და უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის წევრიცაა. ანკარა მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. ამდენად, თურქეთის დარწმუნება იმაში, რომ შეწყვიტოს რუსული მარაგების მიღება, შესაძლოა, გაცილებით რთული ამოცანა იყოს.
გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა. ABC News-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთიდან ნებისმიერი სახის ენერგიის [შესყიდვა] და, სხვათა შორის, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან. თუ მათი შეჩერება გვინდა, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე გარიგების დადება.“
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2022 წლიდან, ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობსა და გაზზე დაახლოებით 210 მილიარდი ევრო (182 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დახარჯეს. ევროკავშირმა ადრე აიღო ვალდებულება, რომ 2028 წლისთვის ეტაპობრივად შეეწყვიტა შესყიდვები. აშშ-ს სურს, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს - ნაწილობრივ მათგან მარაგების შეძენის გზით.
დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს ქვეყნები გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ, მათ შორის, რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ.