უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ბოლო დაბომბვაზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რათა მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად, რუსეთი მკვლელობებს სჩადის.
„მართვადი საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ სახლებს დაუმიზნეს, დაზიანებულია თხუთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და ათი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვა,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დრონებით თავდასხმები განხორციელდა დონეცკის, დნეპრის, სუმის, კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებშიც. რუსებმა, საერთო ჯამში, 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, მათ შორის, Shahed-ები.
„გაეროს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად, რუსეთი მკვლელობებს სჩადის. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს დიპლომატიური კვირა პროდუქტიული იყოს. უნდა იქნას მიღებული ზომები იმისთვის, რომ მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. საჭიროა რეალური, ძლიერი ზეწოლა რუსეთზე; ახალი ერთობლივი ნაბიჯები მსოფლიოში ყველასგან, ვინც თვლის, რომ საერთაშორისო სამართალმა კვლავ უნდა იმოქმედოს - ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან - ყველასგან, ვისაც რეალური გავლენა აქვს რუსეთზე. მკაცრი სანქციები, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა და რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის პასუხისმგებლობა - ეს ყველაფერი საჭიროა. ეს ყველაფერი მოხდება,“ - აცხადებს ზელენსკი.