„ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია,“ - შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის „მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს“ და მან საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა. მან ხაზი გაუსვამ რომ „ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების უფრო ფართო მაგალითის ნაწილია.“
„რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილნი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
მანამდე, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ „ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.