რას ცვლის პალესტინის სახელმწიფოებრიობის უფრო ფართო აღიარება

ავსტრალიამ, პორტუგალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ უკვე აღიარეს პალესტინის სახელმწიფოებრიობა და მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან მათ მაგალითს. 

2024 წელს პალესტინის აღიარების შესახებ ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა გამოაცხადეს.

რას ნიშნავს ეს პალესტინელებისა და ისრაელისთვის? როგორია პალესტინის სახელმწიფოებრიობის ამჟამინდელი სტატუსი?

ამ საკითხზე Reuters-მა სტატია მოამზადა.


მისი მიხედვით: პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (PLO) პალესტინის სახელმწიფოებრიობა 1988 წელს გამოაცხადა და გლობალური სამხრეთის ქვეყნების უმეტესობამ ის სწრაფად აღიარა. დღეისათვის, ანალოგიური ნაბიჯი, გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან დაახლოებით, 150-მა გადადგა.


ისრაელის მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ხანია, მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს იდეას, რომელიც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას ეთანხმება და რომელიც დაფუძნებულია ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს - ებრაული სახელმწიფოს და არაბული პალესტინის სახელმწიფოს - შექმნის გეგმაზე.


წამყვანი ევროპული ძალები იგივე პოზიციას, ბოლო დრომდე ინარჩუნებდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები 2014 წლიდან არ გამართულა. უფრო მეტიც, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო. პალესტინის სახელმწიფოს დელეგაციას დამკვირვებლის სტატუსი აქვს გაეროში, მაგრამ - ხმის მიცემის უფლების გარეშე.


მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ქვეყანა აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას, გაეროს სრულუფლებიანი წევრობისთვის უშიშროების საბჭოს თანხმობაა საჭირო, სადაც ვაშინგტონს ვეტოს უფლება აქვს. პალესტინის დიპლომატიურ მისიებს მთელ მსოფლიოში აკონტროლებს პალესტინის ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც პალესტინელი ხალხის წარმომადგენელი.


პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს, ისრაელთან შეთანხმების საფუძველზე, დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რაიონში, შეზღუდული თვითმმართველობით სარგებლობს. ის პალესტინის პასპორტებს გასცემს და პალესტინის ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს მართავს.


ღაზის სექტორს „ჰამასი“ 2007 წლიდან მართავდა, როდესაც მან ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი სამოქალაქო ომის შედეგად, მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფათაჰი“ დაამხო. უმსხვილესი სახელმწიფოების უმეტესობა, თავის მთავარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თელ-ავივში ათავსებს, რადგან ისინი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებენ. ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების შემდეგ, ამ მხრივ გამონაკლისია, თუმცა დაახლოებით, 40 ქვეყანას საკონსულო ოფისები რამალაში აქვს, დასავლეთ სანაპიროზე, ან აღმოსავლეთ იერუსალიმში - ტერიტორიაზე, რომლის ანექსიაც ისრაელის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული არ არის და რომლის დედაქალაქად გამოცხადებაც პალესტინელებს სურთ.


ქვეყნებმა, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, არ განაცხადეს, სად განლაგდებიან თავიანთი დიპლომატიური მისიები. 

რა არის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მიზანი?

გაერთიანებული სამეფოს შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აუცილებელია ისრაელის მთავრობაზე ზეწოლისთვის, რათა დაასრულოს სამხედრო შეჭრა ღაზაში, შეზღუდოს ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე“ და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინელებთან.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს თან უნდა ახლდეს პალესტინის ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები, რაც მას უფრო საიმედო პარტნიორად აქცევს ღაზის ომის შემდგომ მმართველობაში.


პრაქტიკაში რას ნიშნავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება? 

ისინი, ვინც აღიარებას უბრალო ჟესტად მიიჩნევენ, მიუთითებენ კონფლიქტში ისეთი ქვეყნების შეზღუდულ გავლენაზე, როგორიცაა, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და მრავალი არაბული სახელმწიფო, რომლებმაც ათწლეულების პალესტინის დამოუკიდებლობა წინ აღიარეს.


გაეროში, სრული ადგილის ან საკუთარი საზღვრების კონტროლის გარეშე, პალესტინის ხელისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ისრაელი საქონლის, ინვესტიციების, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის წვდომას ზღუდავს. პალესტინას არ აქვს აეროპორტები. ზღვაზე გასასვლელის არმქონე დასავლეთ სანაპიროზე წვდომა მხოლოდ ისრაელის ან იორდანიასთან ისრაელის მიერ კონტროლირებადი საზღვრის გავლით არის შესაძლებელი, ხოლო ღაზის სექტორზე წვდომა, რომელიც ასევე ესაზღვრება ეგვიპტეს, სრულად კონტროლდება ისრაელის მიერ.


თუმცა ქვეყნები, რომლებიც აღიარებას გეგმავენ და თავად პალესტინის ხელისუფლება, მიიჩნევენ, რომ ეს უბრალო ჟესტზე მეტია. დიდ ბრიტანეთში პალესტინის მისიის ხელმძღვანელმა ჰუსამ ზომლოტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარებამ, შეიძლება, გამოიწვიოს პარტნიორობა თანასწორი პირობებით. იერუსალიმში ყოფილი ბრიტანელი დიპლომატის ვინსენტ ფინის თქმით, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება, აიძულოს ქვეყნები, ისრაელთან ურთიერთობის გარკვეულ ასპექტებს გადახედონ.


მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, შედეგი შეიძლება, პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებებიდან იმპორტის აკრძალვა იყოს, თუმცა ისრაელის ეკონომიკაზე პრაქტიკული გავლენა მინიმალური იქნება.


ისრაელის და აშშ-ის პასუხი

ისრაელი ღაზის სექტორში ომის გამო, საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება. ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ პალესტინის აღიარება „ჰამასისთვი“, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის განკუთვნილი ჯილდოა.


„პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანეს დასავლეთით,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


აშშ ევროპელი მოკავშირეების მიერ პალესტინის სუვერენული დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება. ვაშინგტონმა პალესტინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის, აბასისა და პალესტინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზების გაცემაზე უარი თქვა.