ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY

„აზერბაიჯანის რკინიგზის" [ADY] განცხადებით, შუა დერეფნის გავლით, საკოინტეინერო ბლოკ-მატარებლები ევროპული დანიშნულების ადგილებს 18-25 დღეში აღწევენ.


„ეს უპირატესობა ტვირთების ზრდას უწყობს ხელს, აძლიერებს დერეფნის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს და ზრდის ინვესტიციების მიმზიდველობას.“


ADY-მ აღნიშნა, რომ შუა დერეფნის ამუშავებამდე, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების ნაკადები ძირითადად სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტებზე იყო დამოკიდებული, ტრანზიტის დრო კი - 35-დან 45 დღეს მოიცავდა.


ADY-ს შეფასებით, ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში.


  • 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).  

ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR), არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას.


მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში - ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, კვეთს კასპიის ზღვას აზერბაიჯანის გავლით და გრძელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ეს სახმელეთო მარშრუტი საშუალებას აძლევს ტვირთებს, გვერდი აუარონ უფრო გრძელ საზღვაო მარშრუტებს; მარშრუტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს აღმოსავლეთ აზიას, მათ შორის, ჩინეთს, და ევროპას შორის.