ფაშინიანი: შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ, თუმცა ჩვენი მიზანია მისი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში

სომხეთი ყველა სფეროში ევროკავშირის სტანდარტების მიღწევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალისტური ან არარეალური იქნება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ მთავრობა და პოლიტიკური უმრავლესობა რას ამბობენ? ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში.


ჩვენ გვესმის, რომ ამ სტანდარტების მიღწევის შემდეგაც კი, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაა. როგორც კი ამ ეტაპს მივაღწევთ - თუ მიგვიღებენ, ეს შესანიშნავია. თუ არა, ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენს მიზანს. სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხს მოვაგვარებთ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო ევროკავშირის შესახებ კანონპროექტი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს ერევანი, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნებოდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი და რომ ქვეყანას მოუწევდა არჩევანის გაკეთება. სომხეთის პრემიერი განმარტავს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის საკითხი „საყოველთაო რეფერენდუმის გზით“ უნდა გადაწყდეს.


მიმდინარე წლის 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.