9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ დიალოგი ევროკავშირ-სომხეთის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებების წარმატებულ განხორციელებას ეფუძნება, რამაც მრავალი სომეხი მოქალაქისთვის 2014 წლის პირველი იანვრიდან, მოგზაურობის პროცედურები გაამარტივა. ამჟამად, ევროკავშირის ყველა მოქალაქე სომხეთში შესვლისას ვიზის მოთხოვნისაგან თავისუფლდება.
ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. ეს პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს - პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის.
„ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყება არის ჩვენი ერთგულების აშკარა დემონსტრირება სომხეთთან მობილურობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი. ეს წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი საერთო მიზნებისკენ, რაც გულისხმობს სომხეთისა და ევროკავშირის ხალხის დაახლოებას, ასევე, სომხეთის ძალისხმევის აღიარებას ევროკავშირთან კავშირებისა და საერთო ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპის მშვიდობის ფონდის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ სომხეთის რესპუბლიკას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ," განაცხადა თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით გრძელდება დისკუსიები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.
„აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და სრულყოფილად მივუდგეთ. აქ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების რჩევების მოსმენა," - აღნიშნა ფაშინიანმა.
ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყება მოჰყვა რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას. 2024 წლის აპრილში, ევროკომისიამ წარმოადგინა 270 მილიონი ევროს მოცულობის გეგმა (2024-2027 წლებისთვის) სომხეთისთვის, რომელიც სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, 2024 წლის 22 ივლისს საგარეო საქმეთა საბჭო მიესალმა კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი სომხეთთან.