ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის კონტრაქტებს 2026 წელს, ხოლო ტრანზიტს 2028 წელს სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა.
ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ. თუმცა კრემლის ევროპელი მოკავშირეები, უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიღებას თურქეთის გავლით მილსადენებით აგრძელებენ და მათ შეჩერების გეგმა არ აქვთ.
„რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაკეთებულ მოწოდებას, ჩვენ [ბულგარეთი], როგორც ევროკავშირის ნაწილი, მოკლევადიან პერსპექტივაში, 2026 წელს შევუერთდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა ჯელიაზკოვმა.
„2026 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის კონტრაქტები უნდა შეწყდეს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 2028 წლისთვის, ის მთლიანად უნდა გამოირიცხოს ბულგარეთის ენერგეტიკული ბაზრიდან,“ განმარტა ჟელიაზკოვმა.
„ბულგარეთმა ნაწილობრივ ჩაანაცვლა იმპორტი, აზერბაიჯანის ხარჯზე, მაგრამ რუსული ბუნებრივი აირის მიღებას ირიბად აგრძელებს,“ განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თებერვალში.
ცნობისთვის, ბულგარეთის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის დროს, ბულგარულმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა, იშვიათ მიწათა ლითონების კვლევის შესახებ, ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს იღებენ მილსადენით - „თურქეთის ნაკადი“. გაზსადენი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა 2020 წლის იანვარში გახსნეს, რუსეთის კრასნოდარის მხრიდან შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთის ევროპულ ნაწილამდე და მოიცავს ორ განშტოებას. ერთი რუსული გაზით ამარაგებს თურქეთს, ხოლო მეორე - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ რუსული გაზის ტრანზიტზე, „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მოქმედი მილსადენია, რომლითაც ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს.
2025 წლის ივნისში ბრიუსელმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვას და ამ პროცესის დასრულებას 2027 წლის ბოლოსთვის. უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს რუსეთიდან იღებენ, იმპორტის შეწყვეტას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ეს შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსულ გაზზე უარი თქვა.
- ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ
- მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი