ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს გლობალურ წესრიგს ემუქრება.


„ტრამპი მართალია. რუსული ენერგორესურსები „შავი ხვრელიდან“ ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე,“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შეამცირეს. 


„ახლა, ჩვენ თითქმის გავთავისუფლდით რუსული ენერგორესურებისგან. და ეს სიმართლეა – ჩვენ ეს სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მათგან გავთავისუფლდეთ, რადგან ის მხოლოდ რუსეთის ბიუჯეტს ავსებს“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში.


ლაიენის თქმით, არის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებიც რუსულ რესურსს ყიდულობენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენას ჯერ კიდევ განაგრძობენ, ევროკავშირის ახალი, მე-19 პაკეტის გამო, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ. 


მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით, „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.“ 4 სექტემბერს, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენით.