უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი კიევს ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრება, კრემლმა უნდა იცოდეს, რომ მოსკოვშიც იგივე მოხდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რიმ მან ეს მოსაზრება გაუზიარა მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ბოლო შეხვედრის დროს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, თუ რუსეთი დაიმუქრება, „ცივილიზებული ქვეყნები“ მას იმავეთი უნდა დაემუქრონ, მათ შორის - რიტორიკის დონეზე.
მედიის ინფორმაციაზე, რომ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების შეძენა ითხოვა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ლიდერმა მიიღო მოთხოვნა „დეტალებითა და ილუსტრაციებით“ ყველაფრის შესახებ, რაც „უკრაინას სურს.“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შორი მოქმედების იარაღს მოიცავდა, თუმცა მას კონკრეტულად, Tomahawk-ები არ უხსენებია.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაცია მალე ეწვევა შეერთებულ შტატებს, მათ შორის, იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებისთვის - ახალი შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები იარაღს მიჰყიდის NATO-ს სხვა ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ მას კიევს გადასცემენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 10 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პოლონეთის მიმართულებით მიმავალი 90-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან მხოლოდ 19 შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. პოლონეთს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ვარშავამ ადრე განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის თავზე ძირითადად ბელარუსიდან შეფრინდნენ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, მეტი დრონის გამანადგურებელი აწარმოოს, მაგრამ ეს დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.