ყაზახეთის პრეზიდენტმა „ისტორიული პროექტი“ გახსნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოსტიკი-მოინთის რკინიგზის მეორე ხაზი ოფიციალურად გახსნა და მას ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორისთვის ისტორიული პროექტი უწოდა. რკინიგზის სიგრძე 836.1 კილომეტრია. 

  • ეს პროექტი აშენდა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაბიჯად. 


ახლად ინტეგრირებული სეგმენტი, სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობას, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაზრდის და ოპტიმიზაციას გაუწევს საექსპორტო ტვირთების მიწოდების ვადებს. გააძლიერებს ყაზახეთის სტრატეგიულ სატრანზიტო შესაძლებლობებს.


თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა დოსტიკ-ალაშანკოუს დერეფნის ისტორიულ ჩარჩოს ამკვიდრებს, რომელმაც თავდაპირველად, სამნახევარი ათწლეულის წინ დაამყარა კავშირი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის.


„ყაზახეთი ისტორიულად, აზიის ეკონომიკურ ძალასა და ევროპულ ბაზარს შორის კავშირის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენდა,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი ხაზი ასტანისა და პეკინის საერთო ხედვას [„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში] ასახავს. ყაზახეთის, როგორც ევრაზიულ სივრცეში მთავარ სატრანზიტო ცენტრზე ხაზგასმით, თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე კვეთს ხუთი საერთაშორისო სარკინიგზო დერეფანი, რომლებიც მას მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზრებთან აკავშირებს.


ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი ჩაიდო. სამომავლო გეგმები მოიცავს 5000 კილომეტრიანი ახალი რკინიგზის მშენებლობას და 11000 კილომეტრიანი რკინიგზის შეკეთებას, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა, მოინტი-ყიზილჟარის რკინიგზა და კიზილჟარის სადგურის აქტაუს პორტთან დამაკავშირებელი მარშრუტების მოდერნიზაცია.


„ეს ძალისხმევა გააძლიერებს ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს [შუა დერეფანი] და ხელს შეუწყობს მას,“ - აღნიშნა თოყაევმა. 

ცნობისთვის, დოსტიქი — ყაზახეთის სასაზღვრო პუნქტია ჩინეთთან (სინძიანის რეგიონთან). მოინთი — მდებარეობს ყაზახეთის შიგნით, ცენტრალურ რეგიონში.


შეგახსენებთ, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.