აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის (AR) ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა Facebook-ზე დაწერა.
„ყაზახეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნეს ფორუმზე, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ,“ - წერს რუსტამოვი.
მისი თქმით, დოკუმენტში გამოკვეთილია ერთობლივი ნაბიჯები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარშრუტის, როგორც უფრო სწრაფი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის. „ჩვენი მთავარი მიზნებია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სტაბილური და პროგნოზირებადი ოპერაციული რეჟიმის შექმნა, ტვირთის მფლობელებისთვის პირობების გაუმჯობესება და ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა